გარეჯის მრავალწყაროს მონასტერი

გარეჯის მრავალწყაროს მონასტერი

გარეჯის მრავალწყაროს მონასტერი დავით გარეჯის მონასტრის ერთ-ერთი კომპლექსია. იგი დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფარგლებშია. წერილობით წყაროებში მრავალწყაროს მონასტერზე არაფერია ცნობილი. კომპლექსი 1995 წლის ექსპედიციისას აღმოაჩინეს. კვლევებზე დაყრდნობით ჩანს, რომ ის IX საუკუნეში დაუარსებიათ, XIII საუკუნეში კი აქ ცხოვრება შეწყვეტილა. ეს კომპლექსი გარეჯის მონასტერთაგან ერთადერთია, რომელიც წყაროებთან ახლოს არის გამოკვეთილი, ამიტომაც მკვლევარებმა მრავალწყარო უწოდეს. მრავალწყაროს მონასტერი ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას. აქ გვხვდება ეკლესია საფეხუროვანი, ცილინდრული მოცულობებისგან შექმნილი გუმბათით, რომლის ანალოგი არსად გვხვდება. ასევე ერთ-ერთ ეკლესიაში – ღვთისმშობლის სამლოცველოში დაცულია გარეჯის ყველაზე ძველი თარიღიანი, 851 წლის 8 სექტემბრის, წარწერა. ამავე სამლოცველოში შემორჩენილია IX საუკუნის ფრესკული მხატვრობა. ასევე მთავარი ეკლესიის ეკვდერის საკურთხეველში შემორჩენილია უნიკალური ნაკაწრი სცენა, რომელზეც აქლემებზე ამხედრებული, შუბებით შეიარაღებული მეომრების ლაშქარია გამოსახული. მრავალწყაროს მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ძეგლია.

 

არქიტექტურა

გარეჯის მრავალწყაროს მონასტერი ხუთ ეკლესიას მოიცავს, რომლებიც ორ იარუსადაა განლაგებული მთის სამხრეთ ფერდზე. პირველი ეკლესია დარბაზულია, სამხრეთის ეკვდერით. ამჟამად ეკვდერის დიდი ნაწილი ჩამოშლილია. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. დარბაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე დეკორატიული თაღებია. სამხრეთის კედელი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. ტაძრის ჩრდილოეთ კედელში კაია, რომელიც სათავსოში გადის. ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლის კუთხეში, იატაკში ჭურჭლის ჩასადგმელი ორმოა ამოჭრილი. ტაძარი და ეკვდერი შელესილია. ეკლესია მოხატული ყოფილა, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ თაღის ამყოლებზეა ფრაგმენტები შემორჩენილი. ტაძარს დასავლეთით მცირე ზომის ოთახი ეკვრის, რომლისგანაც ამჟამად მხოლოდ ჩრდილოთი ნაწილია დარჩენილი. ტაძრის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე ნაკაწრი გამოსახულებებია: ცხენების, მხედრების, მეომრების, პილიგრიმების. ძალიან საინტერესოა ეკვდერის აფსიდში მოცემული ნაკაწრი სცენა, რომელზეც აქლემებზე ამხედრებული, შუბებით შეიარაღებული ლაშქარია მოცემული.

მეორე ეკლესია დარბაზული ეკლესიის აღმოსავლეთით, ზედა იარუსზე მდებარეობს. იგი გუმბათოვანია. გუმბათი სამ საფეხურიანი ცილინდრის ფორმისაა. ეკლესიას სამხრეთით ეკვდერი უნდა ჰქონოდა, თუმცა ეს ნაწილი სრულიად ჩამოქცეულია. ტაძარში შესასვლელი ღიობი იმდენადაა ნაშალით ამოვსებული, რომ მასში შესვლა მხოლოდ დაწოლილ მდგომარეობაშია შესაძლებელი. ტაძლის თითოეულ კედელში საკმაოდ ღრმა დეკორატიული თაღია ჩაჭრილი. გუმბათი საფეხურებად შემცირებული ცილინდრებისგან შედგება, იგი სრულიად უნიკალური ფორმისაა და  ანალოგი არ მოეპოვება. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასასვლელად რაიმე გარდამავალი კონსტრუქციის იმიტაცია გამოყენებული არ არის. ტაძარი მთლიანად შელესილი ყოფილა. 

მესამე სამლოცველო გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, ზედა იარუსზე მდებარეობს. ჩრდილოეთიდან მცირე ქვაბული ეკვრის, რომლის ჩრდილოეთი კედლის მთელს სიგრძეზე მერხია გაკეთებული. სამლოცველოს დასავლეთ კედელში მცირე ზომის თაღოვანი ნიშაა, აღმოსავლეთით კი (აფსიდში) – თაღოვანი სარკმელი, რომელიც საკურთხეველს ანათებს. ინტერიერი მთლიანად შელესილი ყოფილა, ნალესობა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. 

მეოთხე ეკლესია აღწერილი ტაძრების აღმოსავლეთით მდებარეობს და მასში შესვლა ამჟამად შეუძლებელია.

მეხუთე ეკლესია კომპლექსის აღმოსავლეთ კიდეში, ზედა იარუსზეა გამოკვეთილი, და საკმაოდ რთულად მისადგომია. ეკლესიაში შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკა, ამიტომაც მას ღვთისმშობლის სამლოცველოს სახელით იხსენიებენ. ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც ერთი საფეხურითაა შემაღლებული. ტაძარს კანკელი უნდა ჰქონოდა, აფსიდის მხრების წინ ფოსოებია გაკეთებული. ინტერიერი მოხატული ყოფილა. ფრესკები IX საუკუნით თარიღდება. საკურთხეველში მხოლოდ ქვედა რეგისტრის წითელი ზოლი და ტახტზე დაბრძანებული მაცხოვრის სილუეტი გაირჩევა. უფრო უკეთაა შემორჩენილი ჩრდილოეთი ნიშის მოხატულობა, სადაც გამოსახულია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ყრმით. ნიშის მარჯვენა და მარცხენა კედლებზე წმინდა დედების გამოსახულებებია. დასავლეთ კედლის მოხატულობიდან ორი დიდებულის პორტრეტი იკითხება, რომლებიც ღვთისმშობლის მიმართ ვედრების პოზაში არიან გამოსახული. ეკლესიის კედლებზე 70-მდე ლაპიდარული წარწერაა შემორჩენილი, რომელთაგან ყველაზე ადრეული IX საუკუნით თარიღდება, ყველაზე გვიანი კი – XIII საუკუნით. წარწერებს შორისაა გარეჯის უძველესი თარიღიანი წარწერა – 851 წლის 8 სექტემბრისა, ლავრის წინამძღვრის სამი წარწერა, კაწარელი ეპისკოპოსის ხარიტონის მოსახსენებელი წარწერა და ქართული ანბანი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *