მოლამურის კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ კვერნაულასთან ახლოს. მას საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს. კომპლექსი მოიცავს: ეკლესიას, კოშკს, სასახლეს, სატრაპეზოს, გალავანს და მრავალ სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობის ნაშთს. ჩანს, რომ აქ შუა საუკუნეებში საკმაოდ ძლიერი დასახლება იყო, მოლამურის კომპლექსი იხინჭის, არხლის და სხვა მიმდებარე კომპლექსების ერთიანი სისტემის მნიშვნელოვანი კვანძი უნდა ყოფილიყო. ანსამბლში შემავალ ნაგებობათაგან ჩვენამდე ყველაზე უკეთ მოაღწია განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზულმა ეკლესიამ და გვიანი შუა საუკუნეების კოშკმა. საკმაოდ მასშტაბურია სასახლისა და სატრაპეზოს შენობები. მოლამურის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთითა და დასავლეთით. ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. საკურთხეველში ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია, რომლებიც კედლის სისქეში მოწყობილ სამალავებს უკავშირდება. ეკლესია ოთხი სარკმლით ნათდება, ოთხივე კედელში თითო სარკმელია. გრძივი კედლები ინტერიერში პილასტრებითაა დანაწევრებული. თაღები და კამარა შეისრული ფორმისაა. ფასადები სრულიად მოურთველია და თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს. ტაძარი ნაგებია მოზრდილი ზომის, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ნატეხი ქვით. ეკლესია ნაწილობრივ დაზიანებული იყო, ამჟამად აღდგენილია. მოლამურის კოშკი (კვერნაულას კოშკი) გეგმაში კვადრატულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ზევითკენ მცირედით ვიწროვდება. კოშკის ზედა ნაწილი მონგრეულია. შესასვლელი მეორე სართულზეა გაჭრილი. სართულშუა გადახურვები, გარდა მესამე სართულისა, ჩანგრეულია, მესამე სართული ცილინდრული კამარითაა გადახურული. კოშკი ნაგებია ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. მოლამურის კომპლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებასა და გამოკვლევას.