უშგულის ლამარია

უშგულის ლამარია

უშგულის ლამარია IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში, სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ეკლესიას ირგვლივ ზღუდე აქვს შემოვლებული გამაგრებული კოშკით. ამ ზღუდეს ორი შესასვლელი კარი აქვს, ერთი მათგანი რკინით არის შეჭედილი. თვითონ ტაძარი ქვისგანაა აშენებული. იგი ბაზილიკის ტიპისაა. საკურთხეველი გარეთ არის გამოსული და სამწახნაგოვანია. ეკვტერში შესასვლელი არის სამხრეთ-დასავლეთიდანაა, ეკლესიაში კი დასავლეთიდან. დასავლეთის სარკმელთან ჯვრის გამოსახულებაა ამოჭრილი. მის გვერდით ლაპიდარული წარწერაა მოთავსებული, რომელიც იხსენიებს გურანდუხტს. კანკელი ქვისაა, სამ-კამარიანი; კამარები იატაკიდან იწყება, დამყარებულია ქვის სვეტებზე, მცირედ შემკობილი სვეტის თავებით.

 

მხატვრობა

უშგულის ლამარიას ინტერიერი მოხატული იყო. ეკლესიაში მოხატულობის რამდენიმე ფენა გაირჩევა. თავდაპირველად, ეკლესიის აშენებისთანავე, მხოლოდ კანკელი მოუხატავთ. X ს-ის ბოლოსა და XI ს-ის დასაწყისში ინტერიერი უკვე სიუჟეტური გამოსახულებებით მოხატეს, რომლის ფრაგმენტებიც მხატვრობის გვიანდელი ფენების ქვეშ მოჩანს. მათ შორის ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთის კედელზე მოთავსებული ჯვარცმის კომპოზიცია. ფიგურათა ჟესტიკულაციის ხაზგასმის მიზნით გადიდებულია მათი ხელის მტევნები. ექსპრესია გამოხატულია სახეებშიც, რომელთა ნაკვთებში უკვე ვლინდება სვანეთის მხატვრობისთვის დამახასიათებელი სპეციპიკური ტიპაჟი. აღსანიშნავია, რომ მარიამის გამოსახვისას სვანმა ოსტატმა გადაუხვია ტრადიციულ იკონოკრაფიას. მარიამს ხელი ლოყაზე კი არა, თავთან აქვს მიდებული, რითაც გადმოცემულია მწუხარების გამომხატველი ცხოვრებისეული ჟესტი. მხატვრობის შემდგომი ფენა, სახელდობრ, ერთმანეთის პირისპირ წარმოდგენილ ცხენოსან წმ. მეომართა, გიორგისა და თევდორეს, გამოსახულებანი დასავლეთის კედელზე XII ს.-ს განეკუთვნება. უკანასკნელად ეკლესია XIII ს.-ში მოუხატავთ. ამ ხანას მიეკუთვნება აფსიდის მოხატულობა, რომელიც კარგადაა შემონახული. კონქში წარმოდგენილია სვანეთისთვის ტრადიციული ვედრების კომპოზიცია, მისი გავრცობილი ვერსია, რომელიც წმ. მთავარანგელოზთა ფიგურებს შეიცავს. მაცხოვარი გაშლილი სახარებით არის წარმოდგენილი, სადაც იკითხება: მე ვარ ნათელი სოფლისა და სხვა. საკურთხევლის კედელზე ეკლესიის მამებია; შიგ ეკლესიის ცაში შობა და ფერისცვალება.
უშგულის ლამარიას ეკლესია მდიდარია ნაკაწრი წარწერებით – გრაფიტებით, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს წარწერები ეკლესიებში მისული მლოცველების მიერაა შესრულებული და შეწყალების ტექსტებს წარმოადგენს. გრაფიტები შესრულებულია ასომთავრულით, ნუსხურით, გარდამავალი მხედრულით და მხედრულით.
ლამარიას ეკლესია უშგულის თემის ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავია. 28 აგვისტოს აქ იმართება ღვთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი დიდი დღესასწაული, ე.წ. ლამარიობა (მარიამობა).

 

წყარო: novators.ge 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.