თრიალეთის პეტროგლიფები

თრიალეთის (პატარა ხრამის) პეტროგლიფები

თრიალეთის პეტროგლიფები

თრიალეთის (პატარა ხრამის) პეტროგლიფები ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადთან (ყოფილი თაქ-ქილისა), მდინარე ქციის მარჯვენა შენაკადის – მდინარე ავდრის ხევის ხეობაში მდებარეობს. გამოსახულებები მეზოლითური, ადრე და შუაბრინჯაოს ხანით თარიღდება. თრიალეთის პეტროგლიფები ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ძეგლია. ამ მხატვრული კომპლექსის განხილვა საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს, რათა თვალი მივადევნოთ სახვითი ფორმების აღმოცენებისა და მისი შემდგომი ევოლუციის გზას. პეტროგლიფებს პირველად XIX საუკუნეში ა. იოაკიმოვმა მიაკვლია. 1972 წელს კი თრიალეთის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ ისინი ხელახლა აღმოაჩინა. ავდრის ხევის ხეობა ოთხი ფსევდოტერასისგან შედგება. ფსევდოტერასების მეოთხე ლავური ნაკადის ფუძეში წარმოქმნილია მღვიმეები, რომელთა შორის მოქცეულ კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე გეომეტრიული, ზოომორფული და ანთროპომორფული გრავირებული გამოსახულებები – პეტროგლიფები აღმოჩნდა. პეტროგლიფები კლდის მასივზე პატარ-პატარა პანოებადაა დაჯგუფებული, სულ ექვსი ამგვარი პანო გამოიყოფა. ცალკეული ფიგურები პანოებს შორის არსებულ მონაკვეთებზეც გვხვდება. აქ ძირითადად ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებია გამოსახული: კეთილშობილი ირემი, შველი, ცხენი. მათთან ერთად გვხვდება მღვიმური ლომი, აქლემები, „ფანტასტიკური“ და ჰიბრიდული ცხოველები, გველები, ფრინველები, თევზები და სხვა. მრავლადაა გეომეტრიული ფიგურებიც: კვადრატული ბადეები, ჯვრები და გასხივოსნებული მზის გამოსახულებები. გვხვდება ასევე ადამიანთა ფიგურები (მშვილდ-ისრით) და მახეში გაბმული ცხოველებიც.  სქემატური ხასიათის, უმეტესად სწორხაზოვანი გეომეტრიული შტრიხებით შექმნილი ნაკაწრი ნახატები ძლიერ მსგავსებას ავლენს ზურტაკეტის შუაბრინჯაოს ხანის ყორღანების ნიშნიან ქვებზე დაცულ გამოსახულებებთან. ნახატები მცირე ზომისაა, დაახლოებით 2,5 – 20 სმ შორის, ხაზები კი ძირითადად 1-2 მმ სიგანისა და სიღრმისაა. სქემატურად შესრულებულ, მარტივი ხერხებით გადმოცემულ ფიგურებში ოსტატურადაა დაჭერილი გამოსახულ არსებათა დამახასიათებელი ნიუანსები. თრიალეთის (პატარა ხრამის) პეტროგლიფებზე წარმოდგენილი ფაუნა აღნიშნულ რეგიონში ზედა პლეისტოცენიდან შუა ჰოლოცენამდე იყო გაბატონებული და როგორც ჩანს, აქ მცხოვრები ადამიანის ძირითად სანადირო ობიექტს წარმოადგენდა. აქვე აღვნიშნავ, რომ თრიალეთის პეტროგლიფები საფრთხის ქვეშაა, რადგან კლდეები მუდმივად იშლება. ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას.

 

როგორ მივიდეთ

სოფელ განთიადს გაივლის ნინოწმინდის სამარშრუტო. ჩამოხვალთ მდ. ავდრის ხევის აბრასთან. აქდან კი ხელმარცხნივ, ხეობაში მიმავალი ბილიკით, დაახლოებით 750 მეტრის გავლის შემდეგ თრიალეთის (პატარა ხრამის) პეტროგლიფების ქვემოთ აღმოჩნდებით. როდესაც დიდ თეთრ მილს მიუახლოვდებით კლდეებისკენ ამავალ, თვალით შესამჩნევ ბილიკსაც დაინახავთ,  მაღლა ახვალთ და კლდეზე ამოკაწრულ გამოსახულებებსაც იპოვნით.

 

 

სამთავისი

სამთავისის არქიტექტურული კომპლექსი

სამთავისი

სამთავისის არქიტექტურული კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამთავისში მდებარეობს. ანსამბლი მოიცავს XI საუკუნის გუმბათოვან ტაძარს, ადრეული შუა საუკუნეების სამნავიან ბაზილიკას, მცირე ეკლესიას, სამრეკლოს, ეპიკოპოსის რეზიდენციას და გალავანს. იოანე ბატონისვილის მიხედვით (“კალმასობა”), სამთავისში პირველი ეკლესია ვახტანგ გორგასალს აუგია: “ვახტანგ გორგასლან, მეფემან საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, Read more

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან. ძეგლი მოიცავს ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე. გრაკლიან გორაზე გამოვლენილია ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთეხეველი. აქ მრავალი უნიკალური არტეფაქტია აღმოჩენილი. გრაკლიან გორაზე კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია დამზადებული. ეს არის 6000 წლის წინანდელი ნივთები, რომლებიც ჯერ კიდევ დამწერლობის შექმნამდე გამოიყენებოდა და მსგავსი ექსპონატები მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი რანგის მუზეუმებს ამშვენებს. გრაკლიანის მხატვრული დეკორით შემკულ საკრალურ ღუმელს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გამოვლენილი მასალებით დასტურდება, რომ აქ ცხოვრობდა კულტურულად უაღრესად დაწინაურებული საზოგადოება, რომელსაც სავაწრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა ცენტრთან.

 

 

სხვილოს ციხე

პანტიანის ჯვარპატიოსნის ეკლესია

სხვილოს ციხე

ჯვარპატიოსნის ეკლესია შიდა ქართლში მდებარეობს, სხვილოს ციხის მიმდებარედ. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. თავდაპირველად ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, მოგვიანებით XV-XVIIსს-ში გადააკეთეს. ეკლესია (12.8X12მ.) ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. იგი თავდაპირველად სვეტზე დაყრდნობილ ორთაღიან ღიობს წარმოადგენდა. ნავები ერთმანეთისაგან გეგმით ჯვაროვანი სვეტების ორი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი თაღებით იყო გამოყოფილი. სამხრეთ ნავი აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლიდან ნათდებოდა. შუა ნავი გვერდითებზე სიგანით ორჯერ მეტი იყო და აღმოსავლეთით ნალისებრი, გარედან შვერილი აფსიდით მთავრდებოდა. აფსიდში გაჭრილი იყო ორი სარკმელი. სიგანით ნავზე ნაკლები აფსიდი მისგან ბრტყელი მხრებით იყო გამოყოფილი. ჩრდილოეთ ნავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა აფსიდი, რომლის ღერძზე გაჭრილი იყო ერთი სარკმელი. ნავები გადახურული იყო ცილინდრული კამარით. გადაკეთების შედეგად სამნავიანი ბაზილიკის სტრუქტურა მთლიანად დაირღვა. ამჟამად ორთაღიანი შესასვლელის ჩრდილოეთი ნაწილი მთლიანად ამოშენებულია, ხოლო მეორე ნაწილში არქიტრავით გადახურული სწორკუთხა კარია გაჭრილი. სამხრეთ ნავში ამოშენებულია სამი თაღით გახსნილი ღიობის ნაწილი. კედლის აღმოსავლეთ ნაწილში კი გაჭრილია შუა ნავთან დასაკავშირებელი საკმაოდ განიერი შეისრულთაღიანი გასასვლელი. მნიშვნელოვნად შეცვლილია შუა ნავი. აფსიდი ნავისაგან საკმაოდ მასიური ქვის კანკელითაა გამოყოფილი. ჩრდილოეთ კედლის მთელ სიგრძეზე და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე 0.4მ. სისქის კედელია მიშენებული. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში დატოვებულია ვიწრო კარი ჩრდილოეთ ნავში გასასვლელად. სამხრეთ ნავი კარიბჭედ გამოიყენეს. ლილვითა და წრეთარგით შედგენილი ლავგარდნის ფრაგმენტი მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზე, საკმაოდ მასიურ შვერილ აფსიდზეა შემორჩენილი. გადაკეთებისას ეკლესიას სამხრეთიდან მიაშენეს მცირე ზომის სწორკუთხა სათავსი.