გუდარეხის კოშკი

გუდარეხის კოშკი

გუდარეხის კოშკი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გუდარეხში მდებარეობს, გუდარეხის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. იგი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა გეგმით კვადრატს უახლოვდება და დასმულია კლდის ქანზე. როგორც ჩანს, გუდარეხის კოშკი Read more

ატენის ციხე

ატენის ციხე

ატენის ციხე შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ატენში მდებარეობს, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის ქიმზე. იგი შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ გზას იცავდა. ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ X საუკუნეში ის უკვე არსებობდა. ციხე X საუკუნისთვის კლდეკარის ერისთავებს ეკუთვნოდათ. რატი ერისთავმა გაერთიანებისთვის მებრძოლ ბაგრატ III-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, ციხე მეფისათვის გადაეცა. შემდგომ პერიოდებში ატენის ციხე ქართველ მეფეთა საკუთრება იყო. ატენის სიონის კედელზე შემორჩენილ XI საუკუნის წარწერაში მოხსენიებულია ატენის ციხისთავი. ციხე კარგად ყოფილა გამაგრებული, მისი აუღებლობის შესახებ შემონახულია ცნობები. ატენის ციხე მრავალი ბრძოლის მოწმე გამხდარა, ის ვერ აუღიათ ლიპარიტ ბაღვაშს XI საუკუნეში და კახეთის მეფე ავგიორგის XVI საუკუნეში. ციხე დაეცა XVI საუკუნის მეორე ნახევარში შაჰ-თამაზის ლაშქრობისას, ღალატის შედეგად. ატენის ციხემ XVII საუკუნის ოცდაათიან წლებში გამანადგურებელი დარტყმა მიიღო. ქართლის მეფე როსტომის წინააღმდეგ აჯანყდნენ კახეთის მეფე თეიმურაზი და მისი მომხრე თავადები. ერთ-ერთმა შეთქმულმა ნოდარ ციციშვილმა ატენის ციხეს შეაფარა თავი. როსტომს ციხე ძალიან დაუნგრევია. შემდგომ პერიოდებში მას დიდი მეპატრონე აღარ ჰყოლია. მომდევნო საუკუნეებში იგი მაინც იხსენიება, თუმცა თვალსაჩინო ციხე უკვე აღარაა. გარდა ბრძოლებისა, სიმაგრე დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ, ამიტომაც მისი გეგმის და მასების თავდაპირველი სახით დადგენა შეუძლებელია. ნაგებობა ძირითადად ორი მონაკვეთისგან შედგება – ჩრდილოეთის მონაკვეთი შედარებით პატარაა, დიდი, მთავარი მონაკვეთი კი სამხრეთით მდებარეობს. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ბურჯებით გამაგრებული გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვა ნაგებობებია განლაგებული.

 

 

ჩაბანოს კომპლექსი

ჩაბანოს კომპლექსი

ჩაბანოს კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაბანოში მდებარეობს, მთის ფერდობზე. იგი XV-XVI საუკუნეების ძეგლია და ეკლესიას, კოშკსა და გალავანს მოცავს. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც Read more

ქაჩალაურის ციხე-კომპლექსი

ქაჩალაურის ციხე-კომპლექსი

ქაჩალაურის ციხე-კომპლექსი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევისჭალის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება და გალავანს, გალავანში ჩართულ ციხე-სახლებსა და ეკლესიას მოიცავს.
ქაჩალაურის ეკლესია ორნავიანი ნაგებობაა. გვერდითა ნავი მთავარ ნავზე ოდნავ მოკლეა და ორჯერ უფრო ვიწრო. ვიწროა მთავარი ვავიც და ის აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდება. აფსიდი წესიერი ფორმის კონქითაა გადახურული. აფსიდის კანკელის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ნავები ერთმანეთისგან თაღედითაა გამიჯნული. ორივე თაღის ქუსლებთან გამოყოფილია თაროსებრი იმპოსტები. სამხრეთ კედელზე ორსაფეხურიანი ყრუ თაღედია. თაღები ნალისებრი ფორმისაა და მათ შორის მოქცეულ ორსაფეხურიან პილასტრს ეყრდნობა. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. გვერდითა ნავის აღმოსავლეთ კედელში ერთი პატარა ნიშია, ჩრდილოეთისაში – ორი პატარა სარკმელი. ტაძრის ინტერიერი შელესილია. ნაგებობის ჩრდილოეთ ფასადზე ნატეხი ქვის ორსაფეხურიანი ლავგარდანია შემორჩენილი. ნაგებობის კამარა შეკიდულ პილასტრებზე დაბჟებილ თაღებს ეყრდნობა. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით და გადახურულია ცალკალთა სახურავით. ტაძარს ჩრდილოეთიდან ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა სათავსი ეკვრის. სწორედ ამ სათავსის გავლით შეიძლება ეკლესიაში მოხვედრა, მათ თაღოვანი გასასვლელი აკავშირებთ. სათავსის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ნაგებობის ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა, ამჟამად ფრესკებიძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. მოხატულობა გვიან შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. კედლებზე გაირჩევა ღვთისმშობლისა და ყრმის, მარტვილი ქალის, ნათლისღების, ცხენოსანი წმინდა მეომრის, წმინდანების, მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტების ფრაგმენტები. მოხატულობა ნათელი, თბილი კოლორიტითა და სახეების უშუალო გამომსახველობით ხასიათდება. შესასვლელი ერთია – დასავლეთით. სათავსს კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.

ქაჩალაურის ციხე ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. იგი სწორკუთხა ფორმისაა. ციხის კუთხეებში სხვადასხვა ნაგებობებია ჩართული. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულია ნაწილობრივ გალავნის გარეთ გაზიდული კოშკი. კოშკის აღმოსავლეთი კედელი ნახევარწრიული კონტრფორსითაა გამაგრებული. ასეთივე კოშკია სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ნახევარწრიული კონტრფორსითაა გამაგრებული. კოშკების სართულშორისი გადახურვები ხის ძეგლებისა ყოფილა. ციხის ეზო კედლით ორნაწილად ყოფილა გაყოფილი: დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. დასავლეთ ნაწილში საერო ნაგებობები და ღია მარანია მოქცეული. აღმოსავლეთ ნაწილში ეკლესია დგას. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებზე სიმაგრის კედლებია შემოშენებული, ეკლესიის მინაშენსა და ციხეს შორის დარჩენილი სივრცე კოშკადაა გადაკეთებული. ციხის დასავლეთით, გორის ფერდზე ნაგებობის ნაშთია. ამ ნაგებობის ძირში ქვევრია, რომელშიც მოგვიანებით უფრო პატარა ქვევრი ჩაუდგამთ.