ბეთანიის მონასტერი თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში მდებარეობს, მდინარე ვერეს ხეობაში. იგი ქართულ ხუროთმოძღვრებაში საეტაპო ძეგლია, ამ პერიოდის ძეგლებში (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი…) საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ტაძრის კანონიკური სახე. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესია XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. დღევანდელი ტაძრის ადგილას Read more →
არმაზციხე, ბაგინეთი, ქართლი — სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი, ძველი მცხეთის შიდაციხე. არმაზციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს, მტკვრის მარჯვენა ნაპირას, მცხეთის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო არმაზციხე ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. ნაქალაქარიდან სვეტიცხოვლის, ჯვრის მონასტრისა და მცხეთის შესანიშნავი ხედებით დატკბებით. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს – ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს: – “ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა… და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისი თჳსა ქართლი” სახელწოდება “არმაზციხე” ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება. გათხრები წარმოებს 1943 წლიდან. აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტურის ფენა: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) – ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) – I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი საფეხური. პირველი: უმთავრესი სამშენებლო მასალ ქვათლილი და ალიზაგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკვლებზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან ე. წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა (ძვ. ე. IV – III სს.); მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი (ძვ. წ. III საუკუნიდან). არმაზციხის გათხრებისას აღმოჩენილია უნიკალური ნაკეთობები, რომლებიც ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული.
ნიკორწმინდის ტაძარი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს. ძეგლი დასავლეთ შესასვლელის ტიმპანის წარწერის თანახმად, რომელშიც გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III იხსენიება, 1010-1014 წლებით თარიღდება. წარწერა შემდეგნაირად იკითხება: “ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ადიდე სიმრთელით და დღეგრძელობით შენ მიერ გჳრგჳნოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატი. და გაზარდე ძე მათი გიორგი ნებასა შინა შენსა, მეოხებითა წმიდისა მღდელთმოძღუარისა ნიკოლოზისაჲთა”. Read more →
ერკეთის ეკლესია IX საუკუნის ძეგლია, რომელიც გურიაში, სოფელ ერკეთში მდებარეობს. ტაძარი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. იგი გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა და მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. ეკლესიის მარჯვენა კედელზე, ეპისკოპოსის სამოსელითა და მიტრით, გამოსახულია წინამძღვარი მაქსიმე III, რომელიც XVIII საუკუნის 50-იან წლებში ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა და ერკეთის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდა. დღესდღეობით ეკლესია მოქმედია, აქ ერკეთის დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.
არქიტექტურა და მორთულობა
ერკეთის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით სრულდება. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. კამარის საყრდენი ცენტრალური თაღი პილასტრების კაპიტელებს ეყრდნობა, დასავლეთისა კი – კრონშტეინებს. საკურთხეველი კანკელითაა გამოყოფილი, რომელიც მოჩუქურთმებული ყოფილა, მოგვიანებით კი შეულესავთ და მოუხატავთ, დაზიანებული მხატვრობის ქვეშ მოჩანს ჩუქურთმების ნაწილი. ტაძრის ინტერიერი მოხატულია, ფრესკები მხოლოდ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. მოხატულობა გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და სიბრტყობრივ-ხაზოვანებითა და ნათელი, რბილი კოლორიტით ხასიათდება. ეკლესიას დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან გვიანდელი მინაშენები ეკვრის. ფასადების მორთულობა ძუნწია. ორივე შესასვლელის თავზე ნახევარწრიულ ტიმპანში მოთავსებული მარტივი ჯვარია განთავსებული, დასავლეთის კარებთან შემორჩენილია ვაზის ორნამენტის ფრაგმენტი, დასავლეთ შესასვლელის სამხრეთ ნაწილში კვადრზე ადამიანის სქემატური გამოსახულება გვხვდება, აღმოსავლეთის სარკმელი ორმაგი ლილვითაა მოჩარჩოებული.