ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ)

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ)

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჩვაბიანში მდებარეობს, სოფლის განაპირას, შემაღლებულ ბორცვზე. ძეგლი X საუკუნით თარიღდება. ტაძრის საკურთხეველში შემორჩენილია სამი ფრესკული წარწერა (მოხატულობის პირველი ფენა), რომლებშიც ქტიტორები – სამი ძმა ამროლეანთა გვარიდან: ბენდე, ამროლა და მიქაელი, მამასახლისი ლაზარე – იხსენიებიან, ასევე მეფე აფხაზთა და ვინმე ერისთავი, რომელთა სახელებიც აღარ იკითხება. 

I წარწერა: “ქ. სახ[ე]ლითა ღ(მრ)თისაჲთ[ა] ჩ(უე)ნ, ამროლეანთა, ს[ა]მთა ძმათა ბენდეს, ამროლას და მიქაელს, მოგუცა ძალი ღ(მერთმა)ნ უმჯობესად მამ(ა)თა ჩ(უე)ნთაჲსა და აღვაშენეთ წ(მიდა)ჲ ესე ეკლესიაჲ, სალოცვ(ე)ლ(ა)[დ] სულის[ა] ჩ(უე)ნისა, და მო[ვ]წერ[ეთ] ზეო[ბ]ასა […] აფხ(ა)ზთა მეფისა, ქ(რისტ)ე, ა[დი]დ[ე]; ერისთ(ა)ვობასა […]სსა, ჰფარავ[დი]ნ [მათ ღ(მერ)]თი [და მ]აშენ[ებე]ლ[ნი][…]”.

II წარწერა: “[ქ. ს]ახელით(ა) ღ(მრ)თის(ა)ჲთა, [მამ]ას(ა)ხლისობასა ლ(ა)ზ(ა)რესა აეშენა წ(მიდა)ჲ ესე ეკლე[სია]ჲ და მისსავე ზეობა[ს]ა მოიწერა; ქ(რისტ)ე, შეუნდვ[ენ] სულსა მისსა ცოდვა[ნ]ი და მარჯუენით შ(ე)ნსა [ღი]რს ყავ დღესა მას გ(ა)ნ[კი]თხვისასა; ა(მე)ნ”.

III წარწერა: “წ. უ(ფალ)ო ი(ეს)უ ქ(რისტ)ე, მფლობ[ელო ორ]თა[ვე] სუფევათა ცხ[- – -] და აცხოვნე ორსავე [შინა] ცხოვრებასა ბეო [- – – – -] ე რ˜ლ [ა]მროლა] შ(ეიწყალე)ნ ბა[- – – – -] [დ]ა შეუნდე სულსა მათ[სა და]ღირ(ს) ყ[ა]ვ მარჯუენით შ(ე)ნს[ა] დღესა მ(ა)ს გ(ა)ნკითხვისასა; ა(მე)ნ”.

წარწერებიდან ირკვევა, რომ ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობა ნაგებობის თანადროულია. ეს უკვე არსებულ წარწერების ზევიდანაა შესრულებული, რომლებიც ზემოდან ჯერ შავი საღებავით დაიფარა. ამჟამად ქვედა ფენიდან პირვანდელი წარწერების მხოლოდ ძალიან მცირე ფრაგმენტები განირჩევა. ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია, გეგმარებით, საერთო კომპოზიციითა და საფასადო დეკორით სვანური სატაძრო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია, რომელშიც ვლინდება თავისი ეპოქისთვის სახასიათო ადგილობრივი ტენდენციები. შვერილი წახნაგოვანი აფსიდი, აზიდული პროპორციები, მინაშენებისგან მკვეთრად გამოყოფილი ცენტრალური დარბაზი, მორთულობის ლაკონურობა, კიდული დეკორატიული თაღები, ერთიან სიბრტყედ ამოწეული ან სიბრტყის შეწევით მიღებული დეკორატიული თაღები, სადა ფართო სიბრტყეთა კომპოზიციებით შექმნილი ცხოველხატულობა, ფორმათა სიცხადე და მონუმენტურობა, ის ნიშნებია, რაც IX-X საუკუნეების რიგ სვანურ ტაძრებში ძალიან სახასიათო მხატვრულ-ხუროთმოძღვრულ სახეს ქმნის. საერთო აგებულებით ჩვაბიანის ეკლესიასთან ყველაზე ახლოს დგას ნესგუნის ეკლესია, თუმცა ნესგუნში პროპორციები კიდევ უფრო მაღალია, დარბაზის სიგრძივი ღერძიც შედარებით მკვეთრი და ფასადები სრულიად მოურთველია. ჩვაბიანის ტაძარს განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას სძენს ასევე X საუკუნის მოხატულობა (დარბაზში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების მხატვრობა), რომელიც ბრწყინვალე შესრულებით, მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. მოხატულობას განსაკუთრებულ საზეიმო იერს სძენს ფონად ძვირფასი ლაჟვარდის გამოყენება, რაც ამ პერიოდის სვანეთის ძეგლებში სხვაგან არსად გვხვდება. სვანური ფერწერული სკოლის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ჩვაბიანის მხატვრობაში ჩანს, როგორც კლასიკური განსწავლულობა და ოსტატობა, ასევე ადრეული სვანული მოხატულობებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ეკლესიაში შემორჩენილია პირვანდელი (X ს-ის) სვეტებიანი, სამი თაღით გახსნილი კანკელი. 

 

ძეგლის აღწერა

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს აღმოსავლეთით შვერილი, ექსტერიერში სამწახნაგა, აფსიდითა და სამმხრივი მინაშენებით. დარბაზის ნაწილი, მინაშენებთან შედარებით, მკვეთრად მაღალია და ძეგლის საერთო მოცულობაში დომინირებს. შვერილი აფსიდი უფრო დაბალია, ვიდრე დარბაზის სწორკუთხა მოცულობა. შესასვლელი ორია – დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. ჩრდილოეთ კედელში მესამე შესასვლელიც ყოფილა, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. საკურთხეველი დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითა (ორსაფეხურიანია სატრიუმფო თაღიც) და ქვის კანკელით გამოიყოფა. კანკელის განაპირა მონაკვეთებში არქიტრავული კარის ღიობებია, ცენტრალური ნაწილი კი ოთხ, გეგმაში წრიულ, სვეტზე გადაყვანილი სამი თაღითაა გახსნილი. საკურთხევლის იატაკი ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდში სამი თაღოვანი ნიშაა, ორი – ჩრდილოეთ ნაწილში, ერთი კი – სამხრეთით. საკურთხეველში სწორკუთხა ტრაპეზის ქვა დგას. კონქის თავზე საკმაოდ მაღალი არქიტექტურული შუბლია. დარბაზი ორსაფეხურიანი პილასტრების ერთი წყვილითა და მათზე გადაყვანილი კამარის საბჯენი თაღით ორ ნაწილად იყოფა. გრძივი კედლები დანაწევრებულია ასევე პილასტრების ქვედა საფეხურზე გადაყვანილი დეკორატიული თაღებით. დასავლეთის თაღები დასავლეთით კუთხის ნახევარპილასტრებსს ეყრდნობა, აღმოსავლეთის თაღები აღმოსავლეთით კი – კონსოლებს. პილასტრების კაპიტელები თაროსა და დახრილი სიბრტყისგან შედგება. ინტერიერი ოთხი თაღოვანი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აღმოსავლეთით აფსიდშია გაჭრილი, ორი – სამხრეთ კედელში, ერთი კი – დასავლეთით. საკურთხევლის აფსიდში შემორჩენილია X საუკუნის მხატვრობა, იგი ტაძრის აგების თანადროულადვე მოუხატავთ, დარბაზის მოხატულობა კი გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. აფსიდის მეორე რეგისტრის მხატვრობა მოგვიანებით გადაუწერიათ, საკონქო კომპოზიცია კი პირვანდელი, თუმც დაზიანებული სახითაა მოღწეული. კონქში გამოსახულია უფლის დიდების გავრცობილი, ორრეგისტირანი კომპოზიცია. ცენტრში რამდენიმეშრიან, წრიულ მანდორლაში ჩასმული ტახტზე მჯდომი მაცხოვრის ფიგურაა, მაკურთხეველი მარჯვენით და მარცხენა ხელში გადაშლილი სახარებით. კონქის საჭექში ციდან გამომავალი სხივი და მაკურთხეველი მარჯვენაა გამოსახული, აქეთ-იქედან კი – მზე და მთვარე. მანდორლის ზემოთ მფრინავ ანგელოზთა ორი წყვილია. განაპირა ნაწილებში გამოსახულია მთავარანგელოზები, მაცხოვრისა და მთავარანგელოზების ფიგურებს შორის – ექვსფრთედი (ჩრდილოეთით) და ოთხხატედის (სამხრეთით) ცეცხლოვან ეტლებზე. მეორე რეგისტრი მოციქულთა რიგს უჭირავს, ექვს-ექვსი მოციქული სარკმლის ორივე მხარეს. საკურთხევლის სარკმლის თაღში წრეში ჩასმული ჯვარია გამოსახული. სატრიუმფო თაღს ყვავილოვანი ორნამენტი გასდევს. მოხატულობის გვიანი ფენა ძალიან გაშავებულია და რთულად განირჩევა. კამარის აღმოსავლეთ მონაკვეთის ჩრდილოეთ კალთაზე გამოსახულია ქრისტეს ამაღლების კომპოზიცია (მანდორლაში მოქცეულ ქრისტეს ორი ანგელოზი აღამაღლებს), კედლებზე ჩანს სახარებისეული სცენები. კონქის თავზე არსებულ სუბლზე გამოსახულია ვედრების კომპოზიცია. 

ეკლესიას სამი მხრიდან მინაშენები ეკვრის, ჩრდილოეთის მინაშენი ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია. სამხრეთი მინაშენი თავიდან ერთიან გალერეას წარმოადგენდა, რომელიც სამ საბჟენ თაღზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით იყო გადახურული. გალერეა მოგვიანებით გაუტიხრავთ და ორ ნაწილადაა გაყოფილი. მინაშენის აღმოსავლეთი ნაწილი დარბაზს უკავშირდება, დასავლეთ ნაწილი კი – ეკლესიის დასავლეთ მინაშენს. დასავლეთის მინაშენი ბრტყელი კამარითაა გადახურული. მინაშენის დასავლეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია გაჭრილი. შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშიც ყოფილა, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. 

ეკლესია და დასავლეთ მინაშენი ნაგებია სუფთად თლილი შირიმის ქვით, ქვის წყობა მაღალი დონისაა. გრძივი მინაშენები ღიაფერის თლილი შირიმითაა ნაგები, წყობა უხეში და ტლანქია, ეტყობა შეკეთებათა კვალი. შენობის ექსტერიერი თითქმის მოურთველია, სადა და ლაკონური, დეკორირებულია მხოლოდ დასავლეთ მინაშენის დასავლეთ ფასადი. ნაგებობის მხატვრულ ეფექტს სიბრტყეთა მონაცვლეობა, ფორმათა სიცხადე და გამოხატულობა, შუქ-ჩრდილთა ერთიანი დიდი ლაქები ქმნის, რაც მონუმენტურობის შთაბეჭდილებას ახდენს. დასავლეთ მინაშენის მორთულობას ძირითადი სიბრტყიდან მკვეთრად, მთელს ფრონტონის არეზე ერთიან სიბრტყედ ამოზიდული დეკორატიული, კიდული სამთაღედი წარმოადგენს. შუა თაღი გვერდითებზე მაღალი და განიერია. სამივე თაღის პილასტრი კარის ღიობის დონეზე წყდება და მომრგვალებული დაბოლოება აქვს. თაღების გვერდითა არეებზე ფრონტონის ამოზიდული სიბრტყიდან თაღების პილასტრებზე უფრო განიერი პილასტრები ეშვება და ამასთანავე ბევრად დაბლა წყდება. განაპირა განიერ პილასტრებს დახრილი სიბრტყე აბოლოვებს. თაღოვანი კარი კედლის ძირითადი სიბრტყიდან შეწეულ სწორკუთხა არეშია გაჭრილი. იმავე ფასადზე, ხელის მტევნის ორი რელიეფური გამოსახულება გვხვდება. ეკლესიისა და მინაშენთა ფასადებს სადა, დახრილის სიბრტყის პროფილის მქონე ლავგარდანი ასრულებს. ნაგებობა გადახურულია თუნუქით. 

ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის ეზოში, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ნატეხი ქვით ნაგები, გვიანი შუა საუკუნეების სამრეკლო დგას. იგი ღია ოთხი მხრივ გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. სამრეკლო განახლებულია და დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჟამუშში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. ტაძარი კოშკებისა და საცხევრებელი სახლების კომპლექსში დგას. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია თლილი ქვით, ფასადებიცა და ინტერიერიც შელესილია. Read more

ლაღამის მაცხოვრის ეკლესია

ლაღამის მაცხოვრის ეკლესია

ლაღამის მაცხოვრის ეკლესია

ლაღამის მაცხოვრის ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების ტაძარია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის ერთ-ერთ ძველ უბანში, ლაღამში მდებარეობს. იგი გამორჩეული ძეგლია როგორც არქიტექტურული, ისე ფრესკული მხატვრობის თვალსაზრისით. ეკლესია ორსართულიანი, კრიპტიანი ნაგებობაა. პირველი სართული VIII- IX საუკუნეებშია აგებული, XIII საუკუნეში მეორე სართული დაუშენებიათ, მშენებლობის მესამე ეტაპი კი დასავლეთის მინაშენია. ქვედა ეკლესია ძალზე მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, მარტივი, სადა ინტერიერით და ბრტყელი საკურთხევლით. ქვედა ეკლესიას მოგვიანებით გაკეთებული მინაშენი აქვს, რაც ზედა ეკლესიის მშენებლობით აიხსნება. ზედა ეკლესია, უფრო მოზრდილი, დარბაზული ნაგებობაა, რომლის ინტერიერი პილასტრებზე დაყრდნობილი კედლის თაღებით და კამარის ორ თანაბარ ნაწილად გამყოფი საბჯენი თაღით არის დანაწევრებული. დასავლეთი მხრიდან მასაც მინაშენი ახლავს. ტაძრის ფასადებზე სარკმლებია, რომლებიც სადა, ლილვოვანი საპირეებითაა მორთული. როგორც ქვედა, ისე ზედა ეკლესიები და ზედა ეკლესიის სამი ფასადი მოხატულია. პირველი სართული ნატეხი კლდის ქვით, მეორე სართული კი შირიმის კარგად ნათალი კვადრებითაა ნაშენი. მინაშენში ნატეხი კლდის ქვაა გამოყენებული, მხოლოდ კონსტრუქციული ნაწილებია შირიმის ქვაში გამოთლილი.

ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის ინტერიერის მოხატულობაში შემორჩენილი საქტიტორო წარწერებიდან ვგებულობთ, რომ ლაღამის ზედა ეკლესიის მაშენებელი შალვა ქირქიშლიანი იყო, ხოლო მოხატულობის მომგებელი – მისი ძმა, ნექე. ტაძარში თავმოყრილია სხვადასხვა პერიოდის, განსხვავებული სტილის ფრესკები. გარდა ამისა აქ დაცულია ისტორიულ პირთა, ადგილობრივ აზნაურთა – ქირქიშლიანების – საერო პორტრეტები. ლაღამის ზედა ეკლესიის მოხატულობა სვანეთში შემორჩენილი ე.წ. “პალეოლოგოსთა ხანის” მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშებია (პალეოლოგოსთა სტილი XIII საუკუნის ქრისტიანულ ხელოვნებაში გავრცელებული ახალი მიმდინარეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ინტერესი ანტიკურობისადმი, მეტი თავისუფლება და დინამიკურობა, ფერწერულობა და ემოციურობა). ფრესკები ძალიან მრავალფეროვანია და შეიცავს ძველი და ახალი აღთქმის სცენებს, წმინდანთა გამოსახულებებს და “სამების” ძალიან იშვიათ იკონოგრაფიულ სქემას (ისეთივეს, როგორიც უბისის ტაძარში გვხვდება).
ლაღამის ეკლესიიდან 250 მეტრში მდებარეობს საოცარი ქართველი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ თუკი მესტიას ესტუმრებით.

 

ზედა ეკლესიის მოხატულობის რეპერტუარი

სცენები: “სამება”, ადამ და ევას ისტორია, ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმად შესვლა, ჯვარცმა, მენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთან, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ამაღლება.
ციური ძალნი: ანგელოზი, ქერობინი, მთავარანგელოზები.
წინასწარმეტყველები: წმ. დავით, წმ. სოლომონ, ესაია, დანიელი.
მოციქულნი: წმ. პეტრე, წმ. პავლე.
ეკლესიის მამები: წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი დიდი.
დიაკვნები: წმ. სტეფანე პირველმოწამე, წმ. გერმანე.
წმინდანები: წმ. გიორგი, წმ. მარინე, წმ. დემეტრე, წმ. ირინე, წმ. ეკატერინე, წმ. ბარბალე, წმ. კვირიკე, წმ. ივლიტა, წმ. ქრისტინე, წმ. თეკლა.
სიმბოლური გამოსახულებები: გოლგოთის ჯვარი, განედლებული ჯვარი.
საერო პირები: მთავრები, ერისთავები, ფეოდალები, შალვა ქირქიშლიანი.
ორნამენტები: კიბისებური, ყვავილოვანი, სტილიზებური ყლორტი.

 

 

გოხნარის ლიპარიტ ბაღვაშის ეკლესია

გოხნარის ლიპარიტ ბაღვაშის ეკლესია

გოხნარის ლიპარიტ ბაღვაშის ეკლესია XI საუკუნის ძეგლია, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოხნარში, წალკისკენ მიმავალი გზის პირას მდებარეობს. ეკლესია Read more